ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩასხდომის ერთიანი ზონის, ე.წ ”Open Gate“-ის სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ ნიუსპრესს „ტავ-ჯორჯიას“ პრესსამსახურიდან აცნობეს.
აღნიშნული ინფორმაციით, ჩასხდომის ერთიანი ზონა, დახურულ ტერიტორიაზე შესული მგზავრების კომფორტისა და თავისუფალი გადაადგილებისთვის არის შექმნილი.
ტერმინალში საპასპორტო კონტროლისა და უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ, მგზავრი საზღვარს კვეთს და ჩასხდომის ერთიან ზონაში ხვდება, სადაც სრული თავისუფლებით გადაადგილდება. მგზავრებს შეუძლიათ, აუჩქარებლად შევიდნენ Duty Free-ში, მაღაზიებში, კაფე-ბარებში და მათზე გათვლილი ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. მგზავრები, აღარ გაივლიან დამატებით შემოწმებას და პირდაპირ თვითმფრინავში ჩასხდომას შეძლებენ.
„Open Gate”-ის პრეზენტაციასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, „ტავ ჯორჯია“ - ს გენერალური მენეჯერი მეთე ერქალი, კომპანიის მენეჯმენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრებიან.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალ სისტემაზე გადასვლასთან ერთად ჩამოფრენის დარბაზი - 60 კვ. მეტრით, ხოლო გაფრენის დარბაზი - 160 კვ.მ-ით გაფართოვდა.
ჩასხდომის ერთიანი ზონა, მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან აეროპორტში მოქმედებს და მგზავრების კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.
