დიმიტრი ქუმსიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 285 მლნ დოლარის მოცულობის ახალ პროგრამაზე შეთანხმება მიღწეულია
დიმიტრი ქუმსიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 285 მლნ დოლარის მოცულობის ახალ პროგრამაზე შეთანხმება მიღწეულია
13:36 01.03.2017
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 285 მლნ დოლარის მოცულობის ახალ პროგრამაზე შეთანხმება მიღწეული.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა სსფ-ის მისიის შედეგების შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ორი კვირის განმავლობაში, მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას, ეროვნულ ბანკს და ფონდის მისიას შორის მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა სავალუტო ფონდის ახალ პროგრამაზე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) ფარგლებში, რომელზედაც შეთანხმება მიღწეულია.
„აღნიშნული სამწლიანი პროგრამა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდასაჭერად იქნა ინიცირებული. ახალი პროგრამა არის არა მხოლოდ სრული ნდობის გამოცხადება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისადმი, არამედ ის სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას“ - აღნიშნა პირველმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, უკვე განხორციელებულ და ამჟამად მიმდინარე ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებზე გამახვილდა ყურადღება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მთავრობის ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები იქნა მოწონებული, რომელთა მიზანია, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა.
„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში ჩვენი ქვეყნის პარტნიორი იქნება“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.



ბეჭდვა