საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სომხეთის რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის მინისტრს, იგნატი არაკელიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში 22-23 თებერვალს პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება საქართველოსა და სომხეთში სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ პოლიტიკასა და დარგის განვითარების სტრატეგიაზე გამახვილდა. საუბარი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის კუთხით თანამშრომლობის, ასევე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურიურთიერთობების გაღრმავების საკითხებს შეეხო.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სომეხ კოლეგას საქართველოში აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე პროექტები დეტალურად გააცნო. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იგნატი არაკელიანმა განსაკუთრებული ინტერესი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, აგროდაზღვევის და ფიტოსანიტარიის კუთხით განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების მიმართ გამოხატა.
როგორც სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის სტრატეგიულ მიმართულებად გამოცხადებამ, ქვეყანაში დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და ამის შედეგები ნამდვილად თვალსაჩინოა. იგნატი არაკელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება მოხდეს და სამომავლო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი იშხან კარაპეტიანი ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა სომეხ სტუმრებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სათაო ოფისი და ტექნიკური აღჭურვილობა, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს ენოთეკა და ღვინის მუზეუმი დაათვალიერებინა.
