სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშემწყობ პროგრამას წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის კომპონენტი ემატება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშემწყობ პროგრამას წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის კომპონენტი ემატება
15:37 21.02.2017
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შედის.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად პროგრამას წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის კომპონენტი ემატება. ახლა უკვე არა მხოლოდ მესაქონლეობის, არამედ მეცხვარეობის და მეთხევეობის დარგის კოოპერატივებსაც შეეძლებათ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა.
მეცხვარეობის მომთაბარე სპეციფიკიდან გამომდინარე, კოოპერატივისათვის თანადაფინანსებით ღირებულების 30%-ად მობილური ტიპის 24 ადგილიანი საწველი აღჭურვილობის გადაცემაა გათვალისწინებული, თუ კოპერატივს ან/და მის მეპაიე(ებ)ს საკუთრებაში არანაკლებ 2000 სული ცხვარი (ნერბი) გააჩნიათ.
იმ შემთხვევაში თუ კოოპერატივს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში არანაკლებ 200 სული თხა (ნეზვი)გააჩნიათ, მას 12 ადგილიანი საწველი და ყველის დამამზადებელი რძის საწარმოო აღჭურვილობა გადაეცემა. საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება მონაწილის ვალდებულებას წარმოადგენს.
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დისტანციურად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ -გვერდზე www.acda.gov.ge იქნება შესაძლებელი.
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გასულ წელს დაიწყო, რომლის ფარგლებში 2016 წლის განმავლობაში აშენდა და პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობით დაკომპლექტდა 9 საწარმო. მათ შორის 2 - სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში , 4 - სამცხე-ჯავახეთში, 2 ქვემო ქართლში და 1 - კახეთში.
უწყების ცნობითვე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები მიიღეს. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცა. კოოპერატივები ტექნიკურ დახმარებას ტრეინინგების სახით მიიღებენ.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივის ვალდებულებას საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება წარმოადგენდა, რომელშიც კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადაცემული დანადგარები განთავსდა.
პროგრამაში ჩართულობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს საშუალება ეძლევათ რძის მიღება სტანდარტების დაცვით მოახდინონ. ერთის მხრივ რძის საწარმოებს ერთობლივად მიაწოდონ, მეორეს მხრივ კოოპერატივების ეძლევათ შესაძლებლობა მისი მეპაიეების წარმოებული რძე მიიღონ და რძის პროდუქტები აწარმოონ, რაც საწარმოო ციკლის გაზრდით კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს.





ბეჭდვა