დუშეთში 3 ახალი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი გაიხსნა
დუშეთში 3 ახალი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი გაიხსნა
16:35 26.01.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თამჯდომარე გიორგი მიშელაძე დუშეთის მუნიციპალიტეტში 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის - „პომოდორნა“, „საარაგვო“ და „მაღრანი ნატურალური“ - გახსნას დაესწრნენ.
„დღეს სახელმწიფოსა და ევროკავშირის დახმარებით შექმნილმა კიდევ სამმა ახალმა სასოფლო-სამეურნეო კოოპარატივმა დაიწყო ფუნქციონირება. უნდა აღინიშნოს, რომ აგრარული დარგის მიმართულებით კოოპერაციამ ფერმერებს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ახალი კოოპერატივები შემნახველი, სამაცივრე და სასათბურე მიმართულებით იფუნქციონირებენ. ქვეყანაში, სახელმწიფოს ხელშწყობით სულ უფრო აქტიურად ხდება ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გამოყენება, რაც ხელშესახებ ახლო მომავალში შედეგებს მოგვცემს“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „პომოდორნა“ საქმიანობის ძირითადი სფერო სრულად აღჭურვილი 1000 კვ.მ სასათბურე მეურნეობაში პომიდვრის რამდენიმე სახეობის მოყვანაა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „საარაგვო“ დუშეთის რაიონის სოფელ წითელ კლდეში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, კარტოფილის ელიტური ჯიშების მოყვანას ახორციელებს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „მაღრანი ნატურალური“ საქმიანობის მთავარი მიმართულებაც ასევე კარტოფილის სხვადასხვა ჯიშისა და მარცვლოვანი კულტურების მოყვანაა.
ორივე კოოპერატივი ფლობს სამაცივრე მეურნეობებს, სადაც მოყვანილი პროდუქციის შესაბამის ტემპერატურაზე დასაწყობებაა შესაძლებელი.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გახსნას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე ესწრებოდნენ.
კოოპერატივები სოფლის მეურნეობისა და სოფლის განავითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა.

ბეჭდვა