ლევან დავითაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა
 ლევან დავითაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა
18:33 25.01.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ძი იანჩის შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის აგრარული მიმართულებით არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს.
ლევან დავითაშვილმა ყურადრება ჩინეთის, როგორც საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სწრაფად ვითარდება.
შეხვედრაზე მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი დინამიკის შესახებ ისაუბრა და მიღწეული შედეგი საერთო წარმატებად შეაფასა.
როგორც ძი იანჩიმ აღნიშნა, ჩინეთში ქართული ღვინის შესახებ ცნობადობა და მისი პოპულარობა აქტიურად იზრდება.
უწყების ცნობითვე, ჩინეთის ელჩმა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებულად შეაფასა და ჩაის კულტურის და სასათბურე მეურნეობების განვითარების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ქართული ჩაის განვითარების მიმართულებით შემუშავებულ ახალ სახელმწიფო პროგრამაზე „ქართული ჩაი“-ზე ისაუბრა და ყურადღება ქართული ჩაის წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
მინისტრმა ასევე, აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე გაამახვილა, მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას გააღრმავებს და სავაჭრო ურთიერთობებს უფრო დინამიურს გახდის.




ბეჭდვა