დიმიტრი ქუმსიშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა
14:12 19.12.2016
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰაიკე ფაიჩს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის არსებულ ძირითად მიმართულებებზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებსა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებებზე ისაუბრეს.
ქუმსიშვილმა გერმანიის ელჩს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. საუბარი მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე წარიმართა. აღინიშნა, რომ მათი განხორციელებით საქართველო შეძლებს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში, რაც დადებითად აისახება საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ყურადღება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე და ამ მიმართულებით გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის ჩართულობასა და როლზეც გამახვილდა. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ადგილობრივ წარმოებასა და მომსახურებაში ევროპული სტანდარტების დანერგვაზე.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ვიზალიბერალიზაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას და იმედი გამოთქვეს, რომ პროცესი სულ მალე დასრულდება. ასევე, სამომავლო მხარდაჭერასთან დაკავშირებით ქალბატონმა ფაიჩმა გამოხატა მზაობა გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის მხარდაჭრისა, რომლის ერთ-ერთი გამოხატულებაც არის საქართველოსა და გერმანიას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ 2017 წელს დაგეგმილი სამთავრობო მოლაპარაკებები.

ბეჭდვა