პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეები“ ქუთაისში მიწების დაკანონების პროცესის ხელოვნურად შეფერხებას აპროტესტებენ.
როგორც „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მამუკა მღვდელაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქუთაისის მიმართ ინტერესის ზრდასთან ერთად, ქალაქში მიწის ყიდვა-გაყიდვის პროცესი ხელოვნურად ფერხდება.
მისი ინფორმაციით, უკვე 2 წელია ქუთაისში მიწების გაყიდვა ხელოვნურად იბლოკება და მოქალაქეები მიწის ნაკვეთის შეძენისას მრავალ წინააღმდეგობას აწყდებიან.
„2 წლის განმავლობაში რიგით მოქალაქეზე არცერთი ნაკვეთი არ გაყიდულა. პროცედურები ხელოვნურადა გაჭიანურებული, ბიუროკრატული ბარიერებითაა გადატვირთული ნახაზის მომზადება, მიწერ-მოწერა მერიის ეკონომიკურ სამსახურსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის, საბოლოოდ კი, მოქალაქეები პასუხსაც ვერ იღებენ“- განაცხადა მღვდელაძემ და აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთის შესაძენად საბუთების მომზადება საკმარო ხარჯებთანაც არის დაკავშირებული.
მისი თქმით, ქუთაისში მიწის შეძენის პროცესის გართულებაზე ახსნა-განმარტება არც ქალაქის მერიას და არც საკრებულოს შესაბამის სამსახურებს არ გაუკეთებიათ.
პარტიის ქუთაისის ორგანიზაცია თვლის, რომ ეს ყველაფერი ქუთაისში საქართველოს პარლამენტის გადატანას უკავშირდება, რის გამოც, ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, მომავალში მიწაზე ფასი გაიზრდება და ეს ბიზნესი სარფიანი გახდება.
„ახალი მემარჯვენეები“ მოითხოვენ ეკონომიკის სამინისტრომ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მოხსნან ხელოვნური ბარიერები ქუთაისში მიწების შეძენაზე და ქალაქის მაცხოვრებლებს საშუალება მისცენ, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე აგებული თავისუფალი კონკურენციის პირობებში შეიძინონ მიწა საკუთარ ქალაქში.
