პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მოსალოდნელია ეროვნული ვალუტის გამყარება.
როგორც კვირიკაშვილმა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ამის თქმის საფუძველს მას, სამომავლოდ დაგეგმილი ძალიან მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები აძლევს.
„მომავალი ძალიან მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ეროვნული ვალუტა გამყარდება. ჩვენ მილიარდობით დოლარის დამატებით ინვესტიციაზე ვსაუბრობთ.
რაც შეეხება საკითხს, გამყარდება თუ არა ლარი ზომაზე მეტად და როგორ მოვიქცევით ჩვენ ამ შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა გაზაფხულზე გამყარების ტენდენცია და ასეთ დროს ეროვნული ბანკი ყოველთვის უყურებს შედარებით გაცვლის კურსს, ანუ იმას თუ სად არის ეფექტური რეალური გაცვლითი კურსი და როგორ არის ის მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებაში. როდესაც ჩვენი ვალუტა ზომაზე მეტად მყარდება, როგორც წესი, ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვას ახდენს.
ასეთი პრეცედენტები არაერთხელ გვქონია”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
