საქართველოს მთავრობა 2013 წლის 1 იანვრამდე ჩადენილ ეკონომიკური ტიპის დანაშაულებზე სრული
ამნისტიის გამოცხადებას გეგმავს.
ამის შესახებ დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, როდესაც მან დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა” წარუდგინა.
პროგრამის თანახმად, გაუქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოქმედებებისათვის, რომლებიც თავისი შინაარსით ისეთი საგადასახადო სამართალდარღვევაა, როგორიცაა სასაქონლო ზედნადების არასრულად ან/და არასწორად შევსება (საქონლის რაოდენობის ან/და ფასის შემცირება), 10000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე რეალიზაცია, ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა.
გარდა ამისა, 100 000 ლარამდე გაიზრდება გადასახადებისგან თავის არიდებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ზღვარი.
ასევე სამთავრობო პროგრამის თანახმად, გამოცხადდება ”სისხლის სამართლის კოდექსის” 210-ე (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება ან გამოყენება) და 218-ე (გადასახადისთვის თავის არიდება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების სრული ამნისტია, რომლის ძალითაც პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც აღნიშნული დანაშაული 2013 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს.
