ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში ბიტუმოვანი
ნივთიერებების საწარმოს ასაშენებლად 2 342 904 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. უწყების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სს „რუსთავოილს“ რუსთავში მდებარე 97621.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 6 შენობა-ნაგებობა გადასცა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სს „რუსთავოილი“ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მინერალური საწვავის, ნავთობისა და მათი გამოხდის პროდუქტების, ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ახალი საწარმო წლის განმავლობაში 25 000 ტონა ნავთობის ბიტუმის წარმოებას შეძლებს და 40 სამუშაო ადგილს შექმნის.
მათივე ცნობით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დღეის მდგომარეობით 211 პროექტის მხარდაჭერია, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 249.21 მლნ ლარია, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა ჯამში 246.25 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ჯამურად 10369 ადამიანი დასაქმდება.
