მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ინიციატივით შემუშავდა საექსპერტო კვლევა თემაზე „საგადასახადო დავების გადაწყვეტის ეფექტური
ინსტიტუტები - საგადასახადო სასამართლოები და ალტერნატიული გზები“, რომლის განსახილველად დღეს მესამე მრგვალი მაგიდა სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა.
კვლევა ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს.
როგორც პროექტის კოორდინატორმა ნინო ჯაჯანიძემ განმარტა, შეხვედრის მიზანი კვლევის შედეგების განხილვა და მისი შინაარსის სრულყოფის მიზნით დისკუსიაა.
თავად კვლევა საგადასახადო და საბაჟო დავების განხილვის სპეციალიზაციის ინიციატივას ეხება.
კვლევის ავტორის ალექსანდრე სუხიშვილის განმარტებით, შესწავლილი იქნა გერმანიის, დანიისა და აშშ-ს პრაქტიკა, კერძოდ, როგორ ხდება ამ ქვეყნებში საგადასახადო და საბაჟო დავების გადაჭრა და რა უპირატესობა აქვს სასამართლოში დავის განხილვისას საგადასახადო კუთხით სპეციალიზებას.
მისი თქმით, საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში დამოუკიდებელი კოლეგიები უნდა შეიქმნას.
„დღეს არის სამი - სამოქალაქო საქმეთა, სისხლის სამართლის საქმეთა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გამოეყოს საბაჟო და საგადასახადო დავები და შეიქმნას საგადასახადო და საბაჟო საქმეთა პალატა“-განაცხადა სუხიშვილმა.
კვლევის ავტორი მიიჩნევს, რომ ამ გზით შესაძლებელი იქნება საგადასახადო საქმეთა სპეციალიზება, ამავე დროს, საგადასახადო დავებთან დაკავშირებით პრაქტიკა დაგროვდება.
რაც შეეხება გრძელვადიან რეფორმას, ის საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას ითვალისწინებს, სადაც საქმეების განხილვა იგივე ფორმით მოხდება, რა ფორმითაც საერთო სასამართლოში.
ამ ორგანოში სამი არბიტრი შევა, რომლებიც მხოლოდ საგადასახადო და საბაჟო კატეგორიის დავებს განიხილავენ. მათ როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო სექტორი წარადგენს, კერძოდ, მოსამართლეთა 1/3-ს აღმასრულებელი ხელისუფლება, 1/3-ს სახალხო დამცველი, ხოლო 1/3-ს არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენენ.
„ამ გზით დაბალანსდება სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის ინტერესები“ - განაცხადა სუხიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება პირდაპირ უზენაეს სასამართლოში უნდა იყოს შესაძლებელი, რისთვისაც საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებაა საჭირო.
კვლევის საბოლოო ვარიანტს სახელისუფლებო სტრუქტურებს აგვისტოს ბოლოსთვის წარუდგენენ.
მოგვიანებით, ინიციატივა, რომელსაც განმარტებით ბარათად აღნიშნული კვლევა დაერთვება, პარლამენტში შევა.
