საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2013 წლიდან ამოქმედდება სისტემა, რომლის მიხედვით, გადამხდელს შესაძლებლობა ექნება
საშემოსავლო გადასახადის 18% ბიუჯეტში გადაიხადოს, ხოლო 2% ინდივიდუალური დაგროვების ანგარიშზე ჩარიცხოს.
ამის შესახებ განცხადება „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ხოკერაშვილმა დღეს ბრიფინგზე გააკეთა და კანონპროექტს მთავრობის მორიგი ტყუილი და თაღლითობა უწოდა.
მისი განცხადებით, საშემოსავლო გადასახადის 20%-იან ნიშნულზე დატოვებით მთავრობა 2008 წელს საგადასახადო კოდექსში მის მიერვე ჩაწერილ ნორმას უპირისპირდება, რომლის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე უნდა შემცირდეს.
„კერძო საკუთრების დაცვისა და მეწარმეების ხელშეწყობის ნაცვლად, მთავრობა სამწუხაროდ კვლავინდებურად ცდილობს, კერძო სექტორი რაც შეიძლება მეტად დაბეგროს და მეტი ფული წაართვას მას“ - განაცხადა ხოკერაშვილმა და დასძინა, რომ ეს ინიციატივა ხელისუფლების მორიგი თაღლითური სქემაა, რომლითაც მთავრობა მოჩვენებითი ჰუმანურობით, მეწარმეებზე წნეხის გაძლიერებას გეგმავს.
მან ხელისუფლებას კატეგორიულად მოუწოდა უარი თქვას ამ ინიციატივაზე ვინაიდან 20% საშემოსავლო გადასახადით პირველ რიგში ბიზნესი ზარალდება, რომელსაც მაღალი გადასახადის გამო განვითარებისთვის ნაკლები რესურსი რჩება.
