ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში შალვა მექვაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს თან საგარეო ვაჭრობით მიღებული შემოსავლების მნიშვნლოვან ნაწილს მალავს.
ამის შესახებ მან სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ კონფერენციაზე განაცახადა. კონფერენციაზე მან კვლევა წარმოადგინა, რომელშიც საქართველოს და აშშ-ს შორის საგარეო ვაჭრობის მონაცემებში არსებული განსხვავებებია მოცემული.
მექვაბიშვილის განმარტებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი “ჩრდილში“ ექცევა და სახელმწიფო ბიუჯეტი შემოსავლებს კარგავს.
ექპერტის თქმით, ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში აშშ-ს ექსპორტი საქართველოში ამერიკის მონაცემებით 3008,7 მილიონი აშშ დოლარი, საქართველოს მონაცემებით კი, იმავე პერიოდში აშშ-ს იმპორტი საქართველოში 1662,4 მილიონი დოლარი იყო.
„საქართველოს მხარემ, დააფიქსირა 1346,3 მილიონი აშშ დოლარით ნაკლები ანუ მთლიანი მონაცემის მხოლოდ 55,3%. სახელმწიფო ბიუჯეტმა ამ პერიოდში, მარტო გადასახადების სახით დაკარგა მინიმუმ მილიარდი ლარი აშშ-დან შემოსული სხვადასხვა საქონლის განუბაჟებლობის ან ნაკლებ ღირებულებად განბაჟების გამო“-განაცახად მექვაბიშვილმა და აღნიშნა, რომ შესაძლებელია ამ საქონლის ნაწილი რეექსპორტის სახით, განუბაჟებლად გავიდა საქართველოდან მაგრამ რეექსპორტის წილი იმ შემთხვევაში, როცა თავიდანვე საქონლის რეალიზება საქართველოში იყო დაგეგმილი, ძალიან მცირეა.
მექვაბიშვილის განმარტებით აშშ-სა და საქართველოს შორის საგარეო ვაჭრობაში საქართველოს 2009 წელს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38% ჩრდილში იყო მოქცეული, 2010 წელს - 27,2%, 2011 წელს - 45,5%, ხოლო 2012 წლის პირველ კვარტალში- 46,5% არ იქნა აღრიცხული.
მაგალითისთვის, მექვაბიშვილმა ნავთობპროდუქტები მოიყვანა და აღნიშნა, რომ 2011 წელს აშშ-დან შემოსული ნავთობპროდუქტების 98,6% საქართველოში იმპორტად არ არის აღრიცხული.
