რეგიონალური ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით სასტუმრო „რედიოსონ ბლუ ივერიაში“ ორ დღიანი კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის მიზანი
კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ვაჭრობის ხელშეწყობაა.
ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს შემოსავლების სამსახური, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს რეგიონული კონკურენტუნარიანობის ინიციატივა, ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია არიან.
როგორც საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენმა გიორგი პერტაიამ განაცხადა, კონფერენციაზე განიხილავენ ვაჭრობის ხელშეწყობის თანამედროვე ტექნოლოგიებს. როგორიცაა ერთი ფანჯრის პრინციპი და მისი შესაბამისობა რეგიონის ქვეყნებისთვის.
მისივე თქმით, კონფერენციის საშუალებით, შესაძლებელი იქნება ერთი ფანჯრის კონცეფციაზე დისკუსიების გაღრმავება, რომელიც მნიშვნელოვანია ვაჭრობის ხელშეწყობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის.
„დისკუსია მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა კოორდინირებული საზღვრის მართვის კონცეფცია, ერთობლივი სასაზღვრო გამტარი პუნქტები, ერთიანი ადმინისტრაციული დოკუმენტაცია. მასზე ასევე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო პრაქტიკა“ - განაცახდა პერტაიამ და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ინფორმაციის გაცვლა რეგიონის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
კონფერენციას ასამდე სტუმარი ესწრება საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან. ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს მონაცემთა გაცვლის სააგენტო, აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი, სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი, სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო, თურქეთის საბაჟოსა და ვაჭრობის სამინისრტო, უკრაინის საბაჟოს საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო. ასევე, ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი კერძო სექტორის წარმომადგენლები.
