საქართველოში ტრაქტორების დეფიციტის გადასაფარად, კიდევ ათასი ტრაქტორია საჭირო. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მან ტექნიკის ხელმისაწვდომობის საკითხთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მინისტრს შესაბამისი დავალებები მისცა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მთავარია გლეხმა პროდუქციის იაფად მოყვანა შეძლოს, რისთვისაც საჭირო ცოდნა მომსახურების ცენტრების დახმარებით უნდა მიიღოს.
მომსახურების ცენტრებში არსებული მექანიზაციის საშუალებებით 42 სახეობის აგროოპერაციის შესრულება, ასევე, სასუქისა და შხამ-ქიმიკატების შეღავათიან ფასად შეძენა და თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაა შესაძლებელი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსგავსი ცენტრები უკვე საქართველოს 12 რაიონში გაიხსნა, რომელთაგან ექვსი მრავალპროფილიანია. იქვე მოქმედებს ლაბორატორიები და საინფორმაციო ცენტრები, სადაც ფერმერები შეძლებენ, მიიღონ კონსულტაცია წარმოების ტექნოლოგიების, ახალი ჯიშების, ფერმერული მეურნეობების მართვისა და ნიადაგის განაყოფიერების შესახებ.
