ინდივიდუალური დაზოგვის სისტემამ დებატები გამოიწვია
ინდივიდუალური დაზოგვის სისტემამ დებატები გამოიწვია
13:52 12.06.2012
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს დებატები გამოიწვია „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების და „ნებაყოფლობით ინდივიდუალური  დაზოგვის შესახებ“ მთავრობის მიერ ინიცირებულმა საკანონმდებლო პაკეტმა, რომელიც დეპუტატებმა მეორე მოსმენით განიხილეს.

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფოლების ინიციატივა გაუაზრებელია.

„ეს ძალიან ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი კანონია. ჩვენს შორის განსხვავება ის არის, რომ თქვენ ჯერ გადაწყვეტილებებს იღებთ და მერე ფიქრობთ, ხოლო ჩვენ გთავაზობთ კარგად მოვიფიქროთ და მერე გადავწყვიტოთ. ერთ მშვენიერ დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვა და თავის რეფორმაზე იტყვის - ვის მოუვიდა თავში ასეთი აზრი“ – განაცხადა უმცირესობის სახელით „ქრისტიან–დემოკრატმა“ ლევან ვეფხვაძემ.

მისი თქმით, წარმოდგენილი პროექტი იმპულსური გადაწყვეტილებაა.

„ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი გურამ ჩახვაძე მიიჩნევს, რომ ამ დაზოგვის სისტემას მოსახლეობის დაბალი შემოსავლების პირობებში მოქალაქეებისთვის სოციალური ეფექტი არ ექნება.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, შესაძლებელია ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის გამოთავისუფლებული 2% წარიმართოს როგორც ჯანმრთელობის დაზღვევაზე, ასევე საპენსიო დაგროვებაზე, რისთვისაც ჩახვაძე ხელისუფლებას საპენსიო რეფორმის დაწყებას სთავაზობს.

წარმოდგენილი ინიციატივა გულისხმობს 2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც საშემოვლო გადასახადი 20–დან 18%–მდე შემცირდება, ფიზიკური პირის შემოსავლის გამოთავისუფლებული 2%–ის დანაზოგის სახით დაგროვებას აქტივების მმართველ კომპანიებში ან ჯანმრთელობის დაზღევაზე წარმართვას სადაზღვევო კომპანიებში.

იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული ფულის გადარიცხვაზე უარს იტყვის, თანხა ბიუჯეტში დარჩება.
პროექტში გათვალისწინებულია აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის კრიტერიუმები. კერძოდ, ტენდერში მხოლოდ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიები შეძლებენ მონაწილეობას. ამასთანავე, აქტივების მმართველმა კომპანიამ, რომელიც შესაძლოა საქმიანობდეს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მაქსიმალური თანამონაწილეობა უნდა უზრუნველყოს.


ბეჭდვა