საქართველოს ბელარუსის სამთავრობო დელეგაცია ეწვია, რომელსაც ბელარუსის ვიცე-პრემიერი მიხაილ
რუსი ხელმძღვანელობს.
ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის ვიცე-პრემიერის მიხაილ რუსის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაა დაგეგმილი.
ამასთან, 1-ელ სექტემბერს საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მესამე სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს მხრიდან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო ბელარუსი მხრიდან ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი. სხდომის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, ხოლო სხდომის დასასრულს დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმება.
ვიზიტი ასევე საქართველოს რამდენიმე მსხვილ საწარმოსა და თბილისის ტექნოპარკში ბელარუსის სამთავრობო დელეგაციის სტუმრობას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, თბილისის საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ 1-ელ სექტემბერს საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმი ჩატარდება, ხოლო 1 სექტემბრიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენა და რომელშიც მონაწილეობას მსხვილი ბელარუსული საწარმოები მიიღებენ. ბელარუსის ნაციონალური გამოფენა წლის განმავლობაში ბელარუსის მხარის მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ღონისძიებებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება. მის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბელარუსში ნაწარმოები პროდუქცია და კულტურული პროგრამა. ღონისძიებაში მონაწილეობას ბელარუსის რესპუბლიკის დაახლოებით 150 კომპანია, მათ შორის მოწინავე საწარმოები მიიღებენ.
საგამოფენო ცენტრში «Expo Geogria» წარმოდგენილი იქნება ბელარუსული პროდუქციის და მომსახურების ფართო სპექტრი, მათ შორის: მანქანათმშენებლობა და ტრანსპორტი, სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტები, სამეცნიერო მიღწევები და ახალი ტექნოლოგიები, ნავთობ-ქიმიური მრეწველობა, ფარმაცევტული პროდუქცია, მსუბუქი მრეწველობა, ხისა და სამშენებლო მასალების წარმოება, ტურისტული მომსახურება, სამომხმარებლო საქონელი და სხვა მრავალი.
გამოფენა საქართველოსა და ბელორუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობასა და ორივე მხარის ბიზნეს სექტორის დაახლოებას ემსახურება. ღონისძიების ფარგლებში, დედაქალაქს არაერთი ბელორუსი ბიზნესმენი ესტუმრება, რომლებსაც საქართველოში სამომავლოდ მნიშვნელოვანი გეგმები და საინვესტიციო პოტენციალი გააჩნიათ.
