თურქეთის ქალაქ ყარსში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს მხრიდან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ არიან.
როგორც „ნიუსპრესს“ ასოციაციის წარმომადგენელმა ლაშა ლაბაძემ განუცხადა, ფორუმზე სამივე ქვეყნიდან 200-მდე კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომლებიც სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, მშენებლობის, სატრანსპორტო გადაზიდვებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში საქმიანობენ.
ღონისძიებას საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრები დაესწრებიან.
საქართველოს ბიზნესდელეგაცია ყარსში ხვალ გაემგზავრება, ბიზნესფორუმი კი - 9 ივნისს შედგება.
ეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის რიგით მეორე ფორუმია, პირველი ასეთი ღონისძიება თბილისში უკვე გაიმართა.
