თბილისში სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ ქართულ-თურქული ბიზნესფორუმი მიმდინარეობს, რომელსაც 20-მდე თურქული და ამდენივე ქართული
კომპანიის წარმომადგენლები ესწრებიან.
როგორც ბიზნეს-ფორუმის ორგანიზატორმა ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ლაშა ლაბაძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, ღონისძიება გაცნობითი ხასიათისაა და მისი მიზანი ქართულ და თურქულ კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების დამყარებაა.
მისი თქმით, ფორუმში მონაწილეობას ძირითადად ის კომპანიები იღებენ, რომლებიც მშენებლობის, ტექსტილის წარმოების და კვების მრეწველობის სფეროებში საქმიანობენ.
„თურქეთი საქართველოს მეზობელია და მასთან სავაჭრო ურთიერთობები გამარტივებულია, შესაბამისად, ის ჩვენი ერთ-ერთი პირველი ბიზნეს პარტნიორია“ - განაცხადა ლაბაძემ და იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი ფორუმი როგორც ქართული, ისე თურქული კომპანიებისთვის შედეგიანი აღმოჩნდება.
