საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სტამბოლში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის რეგიონულ შეხვედრაში მონაწილეობს.
როგორც ვერა ქობალიამ განმარტა, ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემაა „ბიზნესის კეთება საზღვრების გარეშე“.
მისი თქმით, მონაწილეთა მხრიდან საქართველო სატრანსპორტო და ლოჯისტიკური მიმართულებით, ასევე ბიზნესის კეთების გამარტივების მხრივ რეგიონში მაგალითადაა მიჩნეული.
მინისტრის განცხადებით, ფორუმზე საქართველო, თურქეთთან ერთად, წარმატებული ანტიკრიზისული პოლიტიკის მქონე ქვეყანად მოიხსენიეს.
„საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება. თურქეთი ჩვენი პირველი სავაჭრო პარტნიორია“-განაცხადა ქობალიამ.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრა თურქ კოლეგასთანაც გამართა. შეხვედრისას ყურადღება ყარსში დაგეგმილ ბიზნესფორუმზე გამახვილდა, რომელსაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
სტამბოლში ვერა ქობალია ხორვატიის ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრსაც შეხვდა. ხორვატია საქართველოსთან თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში გეგმავს.
