ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პირველმა ლედიმ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს ქედაში, ღვინის სახლში უმასპინძლეს.
„ბოლო 20 წლის განმავლობაში თქვენ დიდი გზა განვლეთ. ჩვენ გვეამაყება რომ ამ დროის განმავლობაში თქვენთან ერთად ვიყავით და იმედიანად ვუყურებთ შემდეგ 20 წელსაც, რადგან თავისუფლება, დემოკრატია, მელიტოკრატია და ყველა ქართველის უფლებები აღდგენილია და აღიარებულია ინკლუზიურ საზოგადოებაში“- აღნიშნა ჰილარი კლინტონმა ოფიციალურ სადილზე.
ქვეყნის პირველმა პირმა მას უძველესი საწნახელი და ღვინის მარანი დაათვალიერებინა და ქართული ღვინის წარმოების ტექნოლოგია გააცნო. საქართველოს პრეზიდენტი მას იმ პროექტების შესახებაც ესაუბრა, რომელიც რეგიონის მასშტაბით ხორციელდება.
ოფიციალურ სადილზე, რომელიც ამერიკელი სტუმრების პატივსაცემად გაიმართა, ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათაშვილმა რამდენიმე კომპოზიცია შეასრულა. სახელმწიფო მდივანმა მადლობა მას პირადად გადაუხადა.
