დიმიტრი გვინდაძემ კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო დისკუსია გამართა
დიმიტრი გვინდაძემ კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო დისკუსია გამართა
12:23 05.06.2012
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ კავკასიის უნივერსიტეტში საქართველოსა და გლობალური ეკონომიკის ტენდენციებსა და პერსპექტივებზე განხილვების ციკლის ფარგლებში, საჯარო დისკუსია გამართა.
შეხვედრას ბიზნეს სკოლის დეკანი ბორის ლეჟავა, ვიცე-პრეზიდენტი აკადემიურ დარგში ნუგზარ სხირტლაძე, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მთავრობის ინიციატივები იყო. კერძოდ, საგზაო, ურბანული და რეგიონალური ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება, სამრეწველო-ტურისტული ბიზნესის განვითარება, კერძო სექტორის განვითარებაზე მიმართული ეფექტური ბიზნეს-გარემოს შექმნა და სხვა.
„ეს ახალგაზრდები დღეს-ხვალ თავიან კარიერას ბიზნეს სექტორში დაიწყებენ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველწყაროდანაც მიიღონ ინფორმაცია შიდასახელმწიფოებრივ და გლობალურ-ეკონომიკურ ლანდშაფტზე. ზოგადად, იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გულწრფელი და ღია ინტერაქტიული დისკუსია, სადაც აზრების ურთიერთგაზიარება მოხდება“ - განაცხადა გვინდაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების და გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური ტენდენციების თაობაზე ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, სტუდენტებს საშუალებას აძლევს გააზრებული გადაწყვეტილება მიიღონ კარიერის დასაგეგმად.
ფინანსთა მინისტრმა მსგავსი ტიპის საჯარო განხილვები თავისუფალ უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო და საპატრიარქოს უნივერსიტეტის სტუდენტებთანაც გამართა.

ბეჭდვა