შოთა მურღულია საქართველოში დადებით მიგრაციულ ტენდენციას ევროპის ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს
შოთა მურღულია საქართველოში დადებით მიგრაციულ ტენდენციას ევროპის ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს
15:50 01.06.2012
ექსპერტი შოთა მურღულია მიიჩნევს, რომ საქართველოში დადებითი მიგრაციული სალდო, შესაძლოა, ევროპის ქვეყნებში ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდებოდეს.

როგორც მურღულიამ „ნიუსპრესს“ განუცხადა, ეკონომიკური კრიზისი განსაკუთრებით საბერძნეთსა და იტალიას შეეხო, სადაც ქართველი ემიგრანტების უმეტესობა სამუშაოდ იმყოფება.

„ეკონომიკური კრიზისის შედეგად, საქართველოს ბევრმა მოქალაქემ ამ ქვეყნებში სამუშაო დაკარგა და იძულებულია დაბრუნდეს საქართველოში, ხოლო ვინც წასვლას აპირებდა, თავს იკავებს“ - განაცხადა მან.

სხვა მხრივ, ექსპერტი უცხოეთში საცხოვრებლად ან სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივი დაბრუნების მიზეზს ვერ ხედავს, ვინაიდან საქართველოში უმუშევრობა კვლავ უდიდეს პრობლემად რჩება.

„სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და საზღვრის გახსნის შემთხვევაში, ჩემი აზრით, საქართველო დაიცლება, რადგან ჩვენთან რეალური უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია“ - განაცხადა მან.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოში მიგრაციის დათვლის მეთოდი მოძველებულია, რაც შესაძლოა, სტატისტიკურ მაჩვენებლებში გარკვეულ უზუსტობებს წარმოშობდეს.

„მიგრაციის დათვლის მეთოდი ჩვენთან, ძირითადად, საზღვრის გადაკვეთის მაჩვენებელზეა მიბმული, რაც არასწორია“ - განაცხადა მურღულიამ.

მოსახლეობის რაოდენობრივი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გუშინ გამოაქვეყნა. 2012 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 4 497.6 ათასი კაცი შეადგინა.

2012 წლის 1 იანვრის მონაცამებით, დადებითი მიგრაციული სალდო 20.2 ათასია, 2010 წელს კი - 18 100 იყო.

ბეჭდვა