გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი დირკ ნიბელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ხვალ ბათუმს ეწვევა.
როგორც „ნიუსპრესს“ გერმანიის საელჩოდან აცნობეს, დირკ ნიბელი აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება.
მათი ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობა და წყლით მომარაგების აღდგენის პროექტების მიმდინარეობის დათვალიერებაა.
მიმდინარე ორმხრივი პროექტებისთვის გერმანიის მხრიდან, 95 მლნ ევროზე მეტია გამოყოფილი. საელჩოს ინფორმაციით, ამ პროექტის მეშვეობით, ბათუმის 145 ათას მაცხოვრებელს წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან გერმანული თანამშრომლობის კიდევ ერთი ასპექტი სასამართლო რეფორმების სფეროში კონსულტაციებია.
საელჩოს ინფორმაციით, იურიდიული კონსულტაციების პროგრამა ოთხ ძირითად ასპექტს მოიცავს - სამართლებრივი სახელმწიფოს შესახებ დიალოგი, კანონმდებლობის კუთხით კონსულტაციები, სასამართლო რეფორმების დანერგვა და მათი პოპულარიზაცია.
დირკ ნიბელი ამ მიზნით, ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს შეხვდება და მასთან საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერების კუთხით დისკუსიას გამართავს.
