გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს მთავრობებს შორის 2011-2012 წლებში ფინანსური თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო შეთანხმებას მოეწერა ხელი.
შეთანხმების თანახმად, გერმანიის მთავრობა საქართველოსთვის დაახლოებით 52 მლნ ევროს შეღავათიან სესხს და 5,25 მლნ ევროს გრანტს გამოყოფს.
ხელშეკრულება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა გააფორმეს.
შეთანხმება ითვალისწინებს ისეთი პროექტების დაფინანსებას, როგორიცაა - ბათუმში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია - შეღავათიანი სესხი 7 მლნ ევროს ოდენობით, მყარი ნარჩენების მართვა იმერეთის რეგიონში - შეღავათიანი სესხი 20 მლნ ევროს ოდენობით და გრანტი 2 მლნ ევროს ოდენობით, განახლებადი ენერგიის პროგრამა, რომელიც დაფინანსდება საქართველოში არსებული კომერციული ბანკების გავლით - 25.75 მლნ ევრო, ასევე, დაცული ტერიტორიების განვითარება - 4.25 მლნ ევროს ოდენობის გრანტით.
როგორც „ნიუსპრესს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ბათუმში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისათვის 7 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) გამოყოფს. ამის შესახებ შეთანხმება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ, KfW-ს ვიცე-პრეზიდენტმა როლანდ ზილერმა და KfW-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა კარსტენ კილიანმა გააფორმეს.
ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტი აჭარაში გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე წყალმომარაგების და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელებას წარმოადგენს.
პროექტი სამ ფაზად ხორციელდება და ბათუმში წყალმომარაგების და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, წყლის რეზერვუარების და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა - რეაბილიტაციას, აგრეთვე აჭარის რეგიონში საკანალიზაციო სისტემის შექმნას ითვალისწინებს.
დღესვე, ხელი მოეწერა შეთანხმებას „იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში“ პროექტის თანმდევი ღონისძიებებისთვის KfW-ს მიერ დამატებით 250 ათასი ევროს გრანტის გამოსაყოფად. აღნიშნული თანხით საკონსულტაციო მომსახურება დაფინანსდება.
დღესვე, ფინანსთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტად მყოფი გერმანიის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური მინისტრი დირკ ნიბელი ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს.
