გერმანიის საელჩო საქართველოში დღეს, გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან ერთად, თანამშრომლობის ფორუმს მოაწყობს.
როგორც „ნიუსპრესს“ გერმანიის საელჩოდან აცნობეს, ღონისძიება გერმანულ სახლში გაიმართება.
მათი ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური დელეგაციის წევრებს, რომლებიც საქართველოში 3-დღიანი ვიზიტით იმყოფებიან, საშუალება ექნებათ პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ ადგილობრივი ბიზნესის 30-ზე მეტ წარმომადგენელს.
გერმანიის ეკონომიკურ დელეგაციაში, გერმანული ფირმებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის წარმომადგენლები შედიან.
ვიზიტის ფარგლებში, ისინი სამინისტროებისა და სხვადასხვა უწყებების, ასევე, საქართველოს სავაჭრო პალატისა და ქართული და გერმანული ფირმების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი საქართველოში ბაზრის განვითარებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიღება და პოტენციური ბიზნეს-პარტნიორების გაცნობაა.
