ხორბლის და პურ-პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია საქართველოში უახლოესი პერიოდის განმავლობაში ფქვილის და შესაბამისად, პურის ფასის ზრდას არ ვარაუდობს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განუცხადა.
სილაგავას თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის ფასი 18 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისად, დღეს საქართველოში ყაზახეთიდან იმპორტირებული 1 ტონა ხორბალი 280 აშშ დოლარი ღირს, რუსეთიდან იმპორტირებულის ფასი კი - 300 აშშ დოლარამდეა. მიუხედავად ამისა, სილაგავას პროგნოზით, ეს პურის ფასზე გავლენას არ მოახდენს.
„დღესდღეობით, საქართველოში არსებობს ხორბლის მარაგები, ამიტომ ერთმნიშვნელოვან გაძვირებას ადგილი არ ექნება“ - განაცხადა სილაგავამ და აღნიშნა, რომ საუბარია ე.წ. სოციალურ პურზე, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მოიხმარს. რაც შეეხება ე.წ. კომერციულ პურს, არ არის გამორიცხული, რომ მისმა ფასმა მომატოს.
სილაგავამ აღნიშნულის მიზეზებიც განმარტა. მისი თქმით, 2011 წლის 1 ივნისიდან, როცა მარკეტინგული წელი დაიწყო, საქართველოში 1 ტომარა ფქვილის ფასი 50 ლარზე მეტი იყო, თუმცა, ვინაიდან მსოფლიოში ფქვილის კარგი მოსავალი მოვიდა, ფასმა კლება დაიწყო და 30 ლარამდე შემცირდა. ამან კი, თავის მხრივ, პურის გაიაფება გამოიწვია.
„აქედან გამომდინარე, დღეს პურის ცხობის კალკულაცია იმის თქმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ვიდრე ფასი 40 ლარამდე არ ავა, რასაც ჩვენ არ ველოდებით, არ შეიძლება დაიწყოს პურის გაძვირებაზე საუბარი“-განაცხადა მან.
სილაგავას განცხადებით, საქართველოში ხორბლის დაახლოებით 80 პროცენტი იმპორტირებულია. იმპორტი რუსთიდან, ყაზახეთიდან, მცირე რაოდენობით კი - უკრაინიდან ხორციელდება.
ამასთან, როგორც მან შენიშნა, ხორბალი რუსეთში გაძვირდა, ყაზახეთს კი, დაბალფასიანი ხორბლის მარაგი ჯერ კიდევ აქვს.
„ამიტომ, იმპორტი უმეტესად სწორედ ყაზახეთიდან ხორციელდება, რაც რუსეთის ფასს აბალანსებს“-განაცხადა საქართველოს ხორბლის და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი ცვლილება არ მოხდა და 1 ტომარა ფქვილი 40 ლარამდე არ გაძვირდა, პურის ფასი უახლოესი 2 თვის განმავლობაში, არ გაიზრდება.
