სააკაშვილის თქმით, წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის რამდენიმე მილიონი ლარი იხარჯება
სააკაშვილის თქმით, წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის რამდენიმე მილიონი ლარი იხარჯება
19:07 28.05.2012
აგვისტოდან წყალტუბოს რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, ახალი კლინიკის გახსნის  შემდეგ, მოსახლოებასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„აგვისტოში მთელს წყალტუბოს ხარაჩოებში ჩავსვამთ. რამდენიმე ასეული მილიონი იხარჯება იმისთვის, რომ 3-4 წელიწადში წყალტუბოში 500-600 ათასი დამსვენებელი ჩამოვიდეს. დამსვენებლები აქ ფულს დატოვებენ, რომელიც ისევ რაიონში გადანაწილდება“ - აღნიშნა მან.
პრეზიდენტმა ყურადღება რაიონებისა და რეგიონების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა, რის მეშვეობითაც, მისი თქმით თბილისის შიდამიგრანტებისგან განტვირთვა მოხდება.
სააკაშვილის განცხადებით, სწორედ ამ გეგმის ნაწილია ავტობანის მშენებლობაც, რომელიც მომავალ წელს თბილისს ქუთაისთან დააკავშირებს. მომავალი წლიდან ასევე, თბილისიდან ქუთაისში ჩქაროსნული მატარებლით ჩასვლა 1:40 საათში იქნება შესაძლებელი.
„ქუთაისში სამუშაო გაჩნდება და ყველა რაიონი ამ წარმატებას მიებმება. საჭირო აღარ იქნება სოფლებიდან ხალხი საცხოვრებლად ქალაქში ჩადიოდეს, რადგან ყველა სოფელში გზას მივიყვანთ“ - განაცხადა მან.
სააკაშვილმა ამასთან აღნიშნა, რომ წყალდიდობის დროს სწორედ რაიონებიდან ჩამოსული ხალხი დაიღუპა, რომლებიც პრაქტიკულად კარვებში ცხოვრობდნენ.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ასეთ პირობებში ხალხი აღარ გვეღუპებოდეს. გარშემო ყველაფერი უნდა განვავითაროთ. ეს ასე იქნება“ - განაცხადა სააკაშვილმა
პრეზიდენტმა ახალი კლინიკა დაათვალიერა და მის მომსახურე პერსონალსაც გაესაუბრა.

ბეჭდვა