ოგბაიძე საქართველოში ელექტრომობილების აწყობის ინიციატივას სააკაშვილის მორიგ პიარტყუილს უწოდებს
ოგბაიძე საქართველოში ელექტრომობილების აწყობის ინიციატივას სააკაშვილის მორიგ პიარტყუილს უწოდებს
18:13 28.05.2012
საქართველოში ელექტრომობილების აწყობა ტექნიკურდ შესაძლებელია, თუმცა, პროდუქციის გასაღების პროცესს პობლემები შეექმნება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“  „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საავტომობილო ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა შალვა ოგბაიძემ განუცხადა.
ოგბაიძემ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას - საქართველოში ამერიკული ფირმის „კოდა ავტომოტივის“ ელექტრომობილების აწყობის შესახებ, მისი პიარკამპანიის შემადგენელი მორიგი ტყუილი უწოდა და ამ ინიციატივის აბსურდულობის მიზეზები განმარტა.
ოგბაიძის განაცხადებით, საქართველოში კომპლექტის სახით ჩამოტანილი ელექტრომობილების აწყობა ტექნიკურად რთული არ არის, მაგრამ ამ ბიზნესის წარმოება კომერციულად არამიმზიდველია.
პირველ რიგში, მისი განმარტებით, დამაბრკოლებელი ფაქტორი მანქანის ფასია. მისივე თქმით, ამ ავტომობილის საბაზრო ფასი დღეისთვის დაახლოებით 30 000 დოლარია, რაც ქართველი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი არ არის. რაც შეეხება პროდუქციის ექსპორტს, ავტოექსპერტის განცხადებით, აღნიშნული მოდელი ჯერ კიდევ ექსპერიმენტულია და თავად „კოდა ავტომოტივის“ ფირმას აქვს ბაზარზე მისი გასაღების პრობლემა.
ოგბაიძის განცხადებით, ავტომობილის მონაცემებიც არასახარბიელოა, რადგან მას ელექტროდამუხტვის გარეშე მხოლოდ 120 კილომეტრის გავლა შეუძლია.
„მის სრულ დატენვას 6 საათი, სწრაფ ე.წ. ტურბო დატენვას კი - საათნახევარი სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ თბილისიდან ბათუმში ჩასასვლელად მძღოლს მინიმუმ სამჯერ თითო საათით გაჩერება მოუწევს. ამ მანქანით ქალაქგარეთ მგზავრობა გამორიცხულია“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, ბაზარზე რამდენიმე ასეული ელექტრომობილის შემოსვლა საქართველოს საკმაოდ მოძველებულ ავტოპარკს რეალურ შედეგს ვერ მოუტანს.
„სამწუხაროდ, ქართული საავტომობილო პარკის პრობლემა სააკაშვილის ზედაპირული სურვილების დონეზე წყდება. რეალურად, ელექტრომობილების საქართველოში აწყობის იდეა სააკაშვილის მორიგი ეკოპიარტყუილი, რომლის საშუალებით ის მნიშვნელოვანი პრობლემებისგან მოსახლეობის ყურადღებს გადატანას ცდილობს“ - განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, აშშ-ში ვიზიტის დროს მიხეილ სააკაშვილმა ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანა „კოდა ავტომოტივის“ ქარხანა დაათვალიერა და მის დირექტორატს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ელექტრომობილების აწყობა საქართველოშიც იგეგმება.

ბეჭდვა