საქართველოს პრეზიდენტმა ავეჯის კომპანია „ემბავუდში“ შეკრებილ მეწარმეებს, რომლებიც გუშინ სამრეწველო აღლუმში მონაწილეობდნენ, ტურიზმის
განვითარების პერსპეტივები გააცნო.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართულ პროდუქციას დიდი საექსპორტო შესაძლებლობები აქვს. მისი თქმით, მინერალური წყლები, მათ შორის, „ბორჯომი“, მსოფლიოში მესამე მინერალური წყალია.
პრეზიდენტმა საექსპორტო ბაზრების ზრდის ტენდენციაზეც ისაუბრა და განმარტა რომ, „ბორჯომის“ ექსპორტი უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხორციელდება, ხოლო „ლაღიძის წყლებს“ უკრაინაში ბაზრის 60-70 პროცენტი უკავია.
პრეზიდენტმა ტურისტული ცენტრების განვითარების აუცილებლობაზეც გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, ახალციხე, რომელიც აქამდე მივიწყებული იყო, დღეს ვითარდება - იხსნება ახალი საბაჟოები, კეთდება მარაბდა-კარწახის გზა, ჯავახეთში ვითარდება სარკინიგზო ქსელი.
„ახალციხე ხდება ის, რაც მე-17-მე-18 საუკუნეში იყო - ძალიან ბევრი სავაჭრო გზის გადაკვეთისა და ტურიზმის ცენტრი“-აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენის განცხადებით, მისი პრეზიდენტობის განმავლობაში საქართველოში ტურისტების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა.
„როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გავხდი, იმ წელს 120 ათასი ვიზიტორი გვყავდა. წელს 4, მომავალ წელს - 5 მილიონი იქნება. მომდევნო 3-4 წელიწადში კი - 10 მილიონამდე ავალთ“-განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ქუთაისში ახალი აეროპორტი იხსნება, რომლის ასაფრენი ზოლი თბილისისი აეროპორტზე დიდია. აეროპორტი გაკეთდება ფოთშიც, ხოლო გოდერძის უღელტეხილზე ახალი სათხილამურო კურორტი გაიხსნება.
როგორც სააკაშვილმა განმარტა, იწყება წყალტუბოს რეაბილიტაცია და 3-4 წელიწადში წყალტუბო უმაღლესო დონის კურორტი გახდება.
სააკაშვილმა სვანეთის ტურისტულ შესაძლებლობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, წელს იწყება თეთნულდის განვითარება და იქ გუდაურზე დიდი კურორტი აშენდება. მისი თქმით, კურორტი მესტიას მოებმება, ხოლო ქუთაისი და სვანეთი ერთმანეთს გვირაბით დაუკავშირდება. როგორც მან აღნიშნა, გვირაბის დაპროექტება წლის ბოლომდე დაიწყება.
სააკაშვილის განმარტებით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, სვანეთი წელიწადში 1 მილიონამდე ვიზიტიორს უმასპინძლებს.
პრეზიდენტმა ყაზბეგის გვირაბის მშენებლობაზეც ისაუბრა, რომელიც მომავლ წელს უნდა დაიწყოს.
„ამის შემდეგ საქართველოში ყველგან მიხვალ კარგი გზით, რაც გადაადგილებას გააადვილებს, პროდუქციის გაიაფებას გამოიწვევს და დასაქმების პერსპექტივას გაზრდის“-განაცახადა მან.
პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ბიზნესთან პარტნიორობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
