„ქართული ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ რკინიგზის აქციების გაყიდვა ივანიშვილის შიშით გადაიფიქრა
„ქართული ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ რკინიგზის აქციების გაყიდვა ივანიშვილის შიშით გადაიფიქრა
12:06 27.05.2012
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ „საქართველოს რკინიგზის“ აქციების საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გატანა ბიძინა  ივანიშვილის შიშით გადაიფიქრა.

ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.

„დაგეგმილი იყო რკინიგზის აქციების გატანა, თუმცა, შემდეგ ხელისუფლებას შეეშინდა, რომ ამ 25 პროცენტს ბიძინა ივანიშვილი იყიდდა“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, რეალურად დაინტერესებულია თუ არა ივანიშვილი რკინიგზის აქციების ყიდვით, მისთვის ცნობილი არ არის.

„ეს უკვე პოლიტიკა არ არის, ეს ბიზნესია და მე არ მეხება“- აღნიშნა მან.

ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობა „საქართველოს რკინიგზის“ აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე გეგმავდა, სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა. ამის შესახებ მოგვიანებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომაც დაადასტურა. უწყების ინფორმაციით, საფონდო ბირჟაზე „საქართველოს რკინიგზის“ აქციების 25 პროცენტის გატანა იგეგმებოდა, ხოლო საკონტროლო პაკეტის მფლობელი სახელმწიფო რჩებოდა.

24 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ აქციების გატანა გადაიდო, ამის მიზეზი კი - საერთაშორისო ბაზრებზე არსებული არასახარბიელო ვითარებაა, რაც საბერძნეთისა და ესპანეთის პრობლემებითაა განპირობებული.

პრემიერის განმარტებით, „საქართველოს რკინიგზის“ აქციების ბირჟაზე განთავსების საკითხი მას შემდეგ განიხილება, რაც საერთაშორისო ბაზრებზე მდგომარეობა გამოსწორდება.


ბეჭდვა