საქართველოში დამზადებული ინვალიდის ეტლები აზერბაიჯანსა და სომხეთშიც იყიდება
საქართველოში დამზადებული ინვალიდის ეტლები აზერბაიჯანსა და სომხეთშიც იყიდება
16:47 26.05.2012
საქართველოში დამზადებული ინვალიდის ეტლები უკვე აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზარზე იყიდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ინტექსერვისის“ დირექტორმა ლევან ტალახაძემ განუცხადა,  აზერბაიჯანში კომპანიის მიერ დამზადებული 10 ეტლი გავიდა, რასაც დამატებით 100 ეტლის შეკვეთა მოყვა. სომხეთის ბაზარზეც ჯერჯერობით ასევე, 10 ეტლია გატანილი.
ტალახაძის თქმით, კომპანია მალე თურქეთის ბაზარზეც გეგმავს შესვლას.
„მართალია, თურქეთში ამ ტიპის ეტლებს აწარმოებენ, მაგრამ ისინი ასეთი გამძლე არ არის“ - აღნიშნა მან.
კომპანია „ინტექსერვისი“ ქართულ ბაზარზე უკვე 2 წელია საქმიანობს. ის ინვალიდის ეტლებს, პანდუსებსა და შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისთვის მანქანის სამართავ მოწყობილებებს აწარმოებს.
როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, გამძლე და კომფორტული ელტები ყველა მსურველისთვის ინდუვიდუალური მიდგომის საფუძველზე მზადდება.
ტალახაძის განმარტებით, პანდუსების შემკვეთი, ძირითადად, ორგანიზაციები და მერია არიან, თუმცა, არის კონკრეტული მოქალაქეების შეკვეთებიც.
რაც შეეხება მანქანის სამართავ მოწყობილებებს შეზღუდული შესაძლებლობების მოქალაქეებისთვის, რომელიც ავტომობილში მონტაჟდება, „ინტექსერვისის“ დირექტორის თქმით, საქართველოში უკვე 20 მანქანის გადაკეთებაზე მიიღო შეკვეთა. ამასთან, მისივე განცხადებით, კომპანიამ მსგავსი მოწყობილობა ავტომობილში აფხაზეთიდან ჩამოსულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირსაც დაუმონტაჟა.

ბეჭდვა