ზაფხულის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენას 5 ავიაკომპანია - Sibir S7 Airlines, ATA Airlines, Pegasus, Armavia და OLT Express გაანახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
სამ წლიანი პაუზის შემდეგ, 31 მაისიდან მოსკოვი-ბათუმის რეისს ავიაკომპანია „Sibir S7 Airlines“-ს განახორციელებს. მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან ფრენა ყოველ ხუთშაბათს შესრულდება.
ბათუმის მიმართულებით იფრენს ავიაკომპანია „ATA Airlines“-იც. პირდაპირი რეისით სარგებლობას თეირანიდან და თავრიზიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრები 21 ივნისიდან შეძლებენ.
ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ავიაკომპანიებთან „OLT Express“ „Pegasus“ და „Armavia“, რომლებმაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი რეისების შესრულების სურვილი უკვე გამოთქვეს. კონკრეტულად, რომელი რიცხვიდან და რა სიხშირით შესრულდება რეისები ვარშავადან, სტამბოლიდან და ერევნიდან ბათუმის მიმართულებით, ცოტა ხანში გახდება ცნობილი.
„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, 2011 წელს მგზავრთა ნაკადმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 133 864 შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემებზე 51.04 %-ით მეტია.
