ჰიბრიდული სიმინდის პროგრამას სახელმწიფო აღარ ახორციელებს.
როგორც „ნიუსპრესს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს,
წელს ამ პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ ახორციელებს, თუმცა, ამერიკული ჰიბრიდული სიმინდი კომპანია „პიონერს“ ისევ შემოაქვს.
კომპანია „პიონერის“ წარმომადგენლის დავით ლობჟანიძის განცხადებით, წელს შარშანდელთან შედარებით, ჰიბრიდული სიმინდის გაცილებით მეტი სათესლე მასალა გაიყიდა. რაც, მისივე განცხადებით, გავრცელებულ ინფორმაციას გასულ წელს ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის ჩავარდნის შესახებ, აქარწყლებს,
„ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“ - განაცხადა ლობჟანიძემ.
„ვინც სიმინდის მოყვანა იცოდა და იცის, ამ საქმეს აგრძელებს, ვინც არა-გამოეთიშა, რადგან მიხვდა, რომ ამ საქმეს ცოდნა სჭირდება და მარტო დათესვა და მოსავლის ლოდინი არ კმარა“-აღნიშნა მან.
„პიონერის“ წარმომადგენლის თქმით, გასულ წელს ამ დროისთვის 13 ათას ჰექტარზე დასათესად საჭირო ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალა იყო გაყიდული. წელს კი, მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი 12,5 ათასი ჰექტრია, მაშინ როცა, ამ მონაცემში წვრილი დისტრიბუტორების მიერ გაყიდული სიმინდის თესლი არ შედის.
ლობჟანიძის განცხადებით, ჰიბრიდული სიმინდი ყველაზე მეტ ფართობზე აღმოსავლეთ საქართველოში - კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში დაითესა.
მისივე განცხადებით, შარშან პრობლემა საზოგადოების ნაკლებმა ინფორმირებულობამ და არადეკვატურად დიდმა მოლოდინმა წარმოშვა. აქვე მან აღნიშნა, რომ კომპანია „პიონერი“ მსოფლიო ბაზრებზე წარმატებით საქმიანობს და ბაზრის 35 % უკავია.
