„ლიბერთი ბანკმა“ მომხმარებელს ანაბარი - „ოლიმპიური ქომაგი 2012“ შესთავაზა
„ლიბერთი ბანკმა“ მომხმარებელს ანაბარი - „ოლიმპიური ქომაგი 2012“ შესთავაზა
12:55 24.05.2012
2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად ,,ლიბერთი ბანკმა” მომხმარებელს ახალი ანაბარი - ,,ოლიმპიური ქომაგი 2012“ შესთავაზა.
ამასთან დაკავშირებით, „ლიბერთი ბანკსა“ და ოლიმპიურ კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ლადო გურგენიძემ და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა მოაწერეს.
შეთანხმების ფარგლებში ,,ლიბერთი ბანკი” ოლიმპიური თამაშების განმავლობაში საქართვლოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სპონსორობას უზრუნველყოფს.
ანაბარი ,,ოლიმპიური ქომაგი 2012“ „ლიბერთი ბანკის“ უკვე არსებული პროდუქტის, ,,პატრიოტი ქომაგის” სახეცვლილ ვარიანტს წარმოადგენს.
,,ოლიმპიური ქომაგის“ საბაზისო საპროცენტო განაკვეთი 14%-ს შეადგენს. დამატებითი საპროცენტო განაკვეთი მიბმული იქნება საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წარმატებაზე - ყოველი ოქროს მედალი ნიშნავს +1 პროცენტ სარგებელს, ვერცხლის მედალი +0,5 პროცენტს და ბრინჯაოს მედალი - 0,25 პროცენტს.
,,უკვე ჩვენი ხარჯებით ნებისმიერ მედალზე, იგივე შეფარდებით ბანკი გადასცემს შესაბამის თანხას ოლიმპიურ კომიტეტს. რაც მეტი შეგროვდება ანაბარი, რაც მეტი წარმატება ექნება ნაკრებს, მით უფრო დიდი თანხა გადაეცემა ოლიმპიურ კომიტეტს“ - განაცხადა ლადო გურგენიძე.
გია ნაცვლიშვილის თქმით, ოლიმპიადისთვის სპორტსმენების მომზადება საკმაოდ რთული და ძვირია და ყველა ის ადამიანი, ვინც გახსნის ანაბარს, თავის წვლილს შეიტანს მათ მომზადებაში.
„ოლიმპიური ქომაგი 2012“ აგრეთვე ჩართულია „ლიბერთი ბანკის“ ანაბრების აქციაში „იღბლიანი მე-100“, რომლის ფარგლებშიც ყოველი მეასე ანაბრის თანხა ორმაგდება.

ბეჭდვა