თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღსანიშნავად, რუსთაველის გამზირზე პირველი სამრეწველო აღლუმისთვის მზადება დაიწყო.
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ პირველი ქართული პროდუქცია დაიდგა - ეს არის ქართული წარმოების მეტროს ვაგონი.
როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის წარმოების უფროსმა ლაშა ტორჩინავამ განუცხადა, იგი თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული მოდერნიზებული ელექტრონული აპარატურით აღჭურვილი ვაგონია, რომელსაც დსთ-ს ფარგლებში ანალოგი არ აქვს.
ტორჩინავას თქმით, ხვალისთვის ამ ვაგონს სარკინიგზო ლიანდაგზე გადაიტანენ.
როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, ქარხანამ ტენდერში გაიმარჯვა და მსგავს ვაგონებზე სომხეთიდან შეკვეთა მიიღო. სომხეთში ორი ვაგონი უკვე გაიგზავნა.
