საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით, 6 პროცენტამდე ამცირებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გუშინ გამართულ სხდომაზე მიიღო.
კომიტეტის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების მიზეზი ის გახდა, რომ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ დონეს ჩამორჩება.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, ივნისიდან წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ზომიერად გაიზრდება, თუმცა, წლის განმავლობაში და მომავალი წლის დასაწყისშიც მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ შენარჩუნდება.
მათი ინფორმაციით, ეკონომიკური აქტივობის ინდიკატორები ზომიერ ზრდაზე მიუთითებს და ეკონომიკური გადახურებისა და მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლის რისკებს არ წარმოშობს. სავალუტო ბაზარზე ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ბოლო პერიოდში გამყარდა, რამაც აპრილში ინფლაციის დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად რეალური გაცვლითი კურსის გამყარებაც განაპირობა. გაცვლითი კურსის გამყარება ტურიზმისა და ინვესტიციების გზით ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას უკავშირდება, რაზეც ბანკებში ნაღდი უცხოური ვალუტის შედინების ზრდაც მიუთითებს. იზრდება ასევე ფულადი გზავნილები უცხოეთიდან, თუმცა, ბოლო თვეებში მისი ზრდის ტემპი შემცირებულია.
უცხოური ვალუტის შემოდინების ზრდა ეკონომიკის ზრდაზე სრულად არ აისახება, ვინაიდან ფულადი ნაკადების შემოდინებას იმპორტის ფარდობითი ზრდაც ახლავს თან.
მონეტარული პოლიტიკის შემდეგი სხდომა 20 ივნისს გაიმართება.
