თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს კომპანიები „თამკერა“ და „თამ-პოლიმერი“ დაათვალიერა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, უგულავა წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო და იქ დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.
აღნიშნული კომპანიები 26 მაისს დაგეგმილ სამეწველო აღლუმში მონაწილეობენ, სადაც საზოგადოებას საკუთარი წარმოების პროდუქციას გააცნობენ.
კომპანია „თამკერა“ 5 წელია ქართული წარმოების აირ–გამათბობლებს უშვებს. კომპანია „თამ-პოლიმერი“ კი, 2005 წლიდან საქმიანობს და გაზისა და წყლის მაგისტრალურ პოლიეთილენის მილებს აწარმოებს.
საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის გაზრდის მიზნით, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ქართული მრეწველობის აღლუმი – „დამზადებულია საქართველოში“ გაიმართება.
წელს გამოფენაზე 250-ზე მეტი საწარმო მიიღებს მონაწილეობას. ისინი საკუთარი წარმოების ავეჯს, სამშენებლო მასალებს, ელექტრო და კომპიუტერულ ტექნიკას, ტექსტილს, ლითონის ნაკეთობებს სხვა პროდუქციას წარმოადგენენ.
