ემზარ ჯგერენაია „საქართველოს რკინიგზის“ აქციების ლონდონის ბირჟაზე გატანას მიესალმება
ემზარ ჯგერენაია „საქართველოს რკინიგზის“ აქციების ლონდონის ბირჟაზე გატანას მიესალმება
15:03 23.05.2012
ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას მსხვილი ობიექტების აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე გატანა აუცილებლობად მიაჩნია და შესაბამისად, „საქართველოს რკინიგზის“ აქციების ნაწილის მოსალოდნელი გაყიდვის ფაქტსაც მიესალმება.

როგორც ექსპერტმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, მსხვილი ობიექტების აქციები საერთაშორისო ბირჟებზე აქამდეც უნდა გაეტანათ.

„არ შეიძლება, ამხელა ობიექტი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება იყოს. ის სააქციო საზოგადოება უნდა გახდეს და ბირჟაზე მისი აქციების შეძენა ხელმისაწვდომი უნდა იყოს“-აღნიშნა მან.

ჯგერენაია საფრთხეს ლონდონის ბირჟაზე რკინიგზის აქციების არა თუ 25 პროცენტის, არამედ ვერც საკონტროლო პაკეტის გატანაში ხედავს.

„არავითარი საფრთხე არ არსებობს. ობიექტი საქართველოს მიწიდან არავის მიაქვს. სახელმწიფოს ნებისმიერი ობიექტის, მათ შორის, სააქციო საზოგადოების რეგულირების უამრავი ბერკეტი გააჩნია“ - აღნიშნა მან.

ჯგერენაია ადასტურებს, რომ რკინიგზა, ისევე როგორც საჰაერო ტრანსპორტი, წყალსადენი და სხვა, სტრატეგიული ობიექტია. ამასთან, მისი თქმით, ობიექტების საფონდო ბირჟებზე გასვლა საკმაოდ რთული პროცესია.

„ამით საბაზრო ეკონომიკის მშენებლობა ჩვენთან საბოლოოდ დაიწყება“-განაცხადა ჯგერენაიამ.

„საქართველოს რკინიგზის“ აქციების ლონდონის საფონდოზე ბირჟაზე გატანის გეგმის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა. ინფორმაცია მოგვიანებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაადასტურა. სამინიტროს განცხადებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე “საქართველოს რკინიგზის” ჩვეულებრივი აქციების არაუმეტეს 25%-ის განთავსება იგეგმება, საკონტროლო პაკეტის მფლობელად კი - სახელმწიფო რჩება.

ბეჭდვა