უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებმა დღეს, 108 ხმით, 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დაამტკიცეს, რომლის თანახმად, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შემოსულობები და გადასახდელები გაიზარდა.
როგორც სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ განაცხადა, ბიუჯეტის ცვლილება ეკონომიკური ზრდის არსებული პროგნოზიდან პირდაპირ გამომდინაროებს. კერძოდ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%–დან 6%–მდე იზრდება.
„2012 წელს ქვეყნის ეკონომიკა, გასულ წელთან შედარებით, 2 მილიარდ 800 მილიონი ლარით გაიზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნიშნულია და პირდაპირ დაკავშირებულია ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდასთან და სიღარიბის აღმოფხვრასთან“ – აღნიშნა მინისტრმა.
ცვლილების თანახმად, ბიუჯეტის შემოსულობები 226 მილიონით გაიზრდება და 8 მლრდ 242 მლნ ლარს შეადგენს. აქედან, 7 მლრდ 53 მლნ 628 ათასი ლარი შემოსავლების ნაწილია.
რაც შეეხება გადასახდელებს, ის 8 მილიარდ 120 მილიონ ლარს შეადგენს და აქედან ხარჯების ნაწილი 6 მილიარდ 782 მილიონ 157 ათასი ლარი იქნება.
როგორც გვინდაძემ განაცხადა, შემოსულობების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურული და რეგიონალური განვითარების პროექტებს მოხმარდება.
