„აფბას“ კვლევის თანახმად, საქართველოში კრედიტებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებია
„აფბას“ კვლევის თანახმად, საქართველოში კრედიტებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებია
18:55 21.05.2012
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ საქართველოში კრედიტებზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებია და ქართული საბანკო სექტორი ეკონომიკის ხარჯზე იზრდება.
ამის შესახებ „აფბას“ მიერ ჩატარებულ საბანკო სექტორის კვლევაშია ნათქვამი.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საბანკო სექტორი 19 ბანკით არის წარმოდგენილი, რაც პატარა ქვეყნისთვის, საკმაოდ ბევრია, თუმცა, ეს სექტორში კონკურენციის ხარისხზე არ აისახება.
„აფბას“ საქართველოში სპრედის მაჩვენებელი მოყავს, რომელიც სესხებსა და დეპოზიტებზე არსებულ საშუალო შეწონილ განაკვეთებს შორის სხვაობას წარმოადგენს და კონკურენციის ხარისხის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. კვლევის თანახმად, საქართველოში სპრედის მაჩვენებელი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და მსოფლიო ბანკის მონაცემებით 15%-ია, ეროვნული ბანკის სტატისტიკით კი - 10%-ის ფარგლებშია.
კვლევის მიხედვით, ბანკებმა 2011 წელს სესხებიდან 1,2 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღეს, ხოლო დეპოზიტების მომსახურება 391 მილიონი ლარი დაუჯდათ.
„აფბა“ ასევე აღნიშნავს, რომ როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში საქართველოში სესხის და დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სხვაობაა.
„საქართველოში საშუალო შეწონილი განაკვეთი სესხებზე 24.2%-ს შეადგენს. ექსპერტების ნაწილი მაღალი საპროცენტო განაკვეთების არსებობას ქვეყანაში არსებული საოპერაციო რისკის მაღალ დონეს უკავშირებს“ - ნათქვამია „აფბას“ კვლევაში.
კვლევაში კიდევ ერთ ნეგატიურ ტენდენციაზეა საუბარი, რომელიც ბანკების მიერ არასაბანკო აქტივების ფლობას უკავშირდება.

ბეჭდვა