„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მესაკუთრეთა უფლებებს დაიცავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მესაკუთრეთა უფლებებს დაიცავს
17:37 18.05.2012
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრეთა უფლებებს დაიცავს.
როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, მათ მიმართა მოქალაქე ნაირა თოდრიამ და აცნობა, რომ წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარედ, მის კუთვნილ ტერიტორიაზე, წინასწარი გაფრთხილებისა და ნებართვის გარეშე სამშენებლო ტექნიკა განათავსეს და ავტოსადგომის მოსაწყობად ასფალტის საფარის დაგება დაიწყეს.
ადგილზე მისულ ორგანიზაციის წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ ტერიტორიის კეთილმოწყობა ხდება, მესაკუთრეები კი, ქონების სანაცვლოდ მოგვიანებით კომპენსაციას მიიღებენ.
ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მესაკუთრეებს ქვემო ქართლის შემოსავლების სამხარეო სამსახურიდან რამდენჯერმე დაუკავშირდნენ და საკუთრების დათმობა მოშორებით მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ შესთავაზეს.
„მესაკუთრეები, რომლებიც ტერიტორიას ძირითადად სავაჭრო მიზნებისათვის იყენებენ არ დასთანხმდნენ შეთავაზებას, თუმცა, სანაცვლოდ შემოსავლების სამსახურს ალტერნატიული წინადადება შესთავაზეს. კერძოდ, მესაკუთრეები უსასყიდლოდ დათმობდნენ საკუთრებას, თუ ახლადაშენებულ სავაჭრო ცენტრში მცირე ფართს მიიღებდნენ, თუნდაც ქირის სანაცვლოდ. მხარეთა შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა“-განაცხადეს ორგანიზაციაში.
მათივე ინფორმაციით, ამის შემდეგ, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები მესაკუთრებს ტერიტორიის დათმობას მუქარით აიძულებდნენ, რაშიც მარნეულის საკრებულო და საპატრულო პოლიციაც იყო ჩართული.
„ჩვენი იურისტები შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ისინი უმოკლეს ვადაში საქმის ვითარებაში გარკვევას დაგვპირდნენ“-განაცხადეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში” და პირობა დადეს, რომ ორგანიზაცია მოვლენების განვითარებას დააკვირდება და მესაკუთრეთა უფლებების დასაცავად საჭიროების შემთხვევაში სასამართლოსაც მიმართავს.

ბეჭდვა