საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 2012 წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა და 37 077 ერთეული შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა, მიმდინარე წლის აპრილში, გასული წლების ამავე პერიოდთან შედარებით ზრდის დადებითი ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, 2012 წლის აპრილში, ტრანზაქციების რაოდენობა 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13%-ით, ხოლო 2010 წლის ამავე მაჩვენებელთან შედარებით 59%-ით გაიზარდა.
2012 წლის აპრილში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 6 888, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 30 189 ერთეული შეადგინა.
პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობაში, წინა თვესთან შედარებით, პირველადის წილმა მომიმატა. კერძოდ, აპრილში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 81%-ს მეორადი, ხოლო 19%-ს - პირველადი იყო.
