საკანონმდებლო მაცნე და შემოსავლების სამსახური ბიზნესმენებს გამარტივებულ სერვისს სთავაზობენ
საკანონმდებლო მაცნე და შემოსავლების სამსახური ბიზნესმენებს გამარტივებულ სერვისს სთავაზობენ
13:32 16.05.2012
საკანონმდებლო მაცნეში საგადასახადო კოდექსის განმარტებები გამოქვეყნდება. საკანონმდებლო მაცნესა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი სერვისის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა.
როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ განაცხადა, საგადასახადო კოდექსში არის მუხლები, რომლებიც ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა და მას შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები და ბიზნესმენები სხვადასხვაგვარად იგებენ. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდა.
ებანოიძის თქმით, საგადასახადო კოდექსის პრობლემურ მუხლებზე კომენტარებს და განმარტებებს სწორედ აღნიშნული კომისია შეიმუშავებს.
„ამ სერვისით ნებისმიერ კერძო კომპანიას შეუძლია ისარგებლოს. ვიმედოვნებ, რომ ეს მათ საგადასახადო ტვირთს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს“ - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა.
საკანონმდებლო მაცნეში უკვე კოდექსის ათი მუხლის განმარტებაა გამოქვეყნებული. ამასთან, საკანონმდებლო მაცნესა და შემოსავლების სამსახურის კიდევ ერთი სიახლე გამარტივებული საძიებო სისტემაა. ბიზნესმენებს სხვადასხვა ნორმატიული აქტის მოძიება მაცნეს ვებ-გვერდზე მარტივად შეუძლიათ, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის თითოეულ მუხლს თან მიბმული დოკუმენტები ახლავს. ამასთან, ვებ-გვერდი www.matsne.gov.ge მალე ორენოვანი გახდება და მასზე ინფორმაცია ინგლისურ ენაზეც განთავსდება.


ბეჭდვა