ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარსა“ საქართველოში „ინკლუზიური ტურიზმის“ განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა და მისი მიზანი „ინკლუზიური ტურიზმის“ პოპულარიზაცია და მისი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა იყო.
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარსა“ აღნიშნულ საკითხს პრეზენტაცია მიუძღვნა. მისი დამფუძნებლის თამარ მახარაშვილის თქმით, ორგანიზაცია „ინკლუზიური ტურიზმის“ საკითხზე უკვე ორი წელია მუშაობს.
„ჩვენ ერთი წლის განმავლობაში შევძელით 5 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადამზადება და დასაქმება ჩვენს ორგანიზაციაში ტურ ოპერატორის და აგენტის პოზიციაზე. მათ მუშაობაზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ პროექტი შედეგიანია. ეს გამოიხატა უკვე დაგეგმილი ტურების რაოდენობაში“- აღნიშნა მახარაშვილმა.
შეხვედრაზე სამი ძირითადი საკითხი განიხილეს - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ტურიზმის განვითარება საქართველოში, მათი დასაქმება „ინკლუზიური ტურიზმის“ სექტორში და ადაპტირებული გარემოს შექმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
