საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ქობალიამ აღნიშნა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ბექა ჯაყელი 2012 წლის პირველი ივნისიდან სამუშაოდ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში გადადის.
„ის იქნება პირველი ქართველი, რომელიც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში არამარტო საქართველოს, არამედ ევროპის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობებს წარმართავს. ბექა ჯაყელი ახალ პოზიციაზე ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობებს გაუძღვება“ - განაცხადა ქობალიამ.
მინისტრის თქმით, კანდიდატურის შერჩევისას განათლებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილებას მიენიჭება. გარდა ამისა, ქობალიას განმარტებით, პოტენციური კანდიდატი კომუნიკაბელური უნდა იყოს და მედიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები ჰქონდეს.
საკონკურსო კომისიაში კანდიდატებმა პროექტი სახელწოდებით ”საქართველოში ტურიზმის განვითარების სტრატეგია” უნდა წარადგინონ.
საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი 1993 წლიდანაა, თუმცა, დღემდე ამ ორგანიზაციაში ქვეყნის წარმომადგენელი არ მუშაობდა.
