კომპანია “გუდვილმა“ პროექტ „მარშე“-ში 30 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა.
როგორც „ნუსპრესს“ „გუდვილიდან“ აცნობეს, პროექტი 3 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ
საბითუმო სავაჭრო ცენტრს, ცენტრალიზებულ წარმოებას და დასაფასოებელ საამქროს აერთიანებს.
პროექტი 500 მოქალაქეს დაასაქმებს, „მარშე“-ში წარმოებული პროდუქტი კი მთელ საქართველოში გავრცელდება. „მარშე“ ფუნქციონირებას ზაფხულიდან დაიწყებს.
საქართველოს ეროვნულ ბიზნესდაჯილდოებაზე „მერკური 2012“ „გუდვილი“ წლის საუკეთესო ქართულ ინვესტორ კომპანიად დასახელდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათთვის ეს სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.
„ლიდერობის შენარჩუნება ადვილი არ არის. ჩვენ მუდმივად ვვითარდებით, ახალ სტრატეგიებს ვსახავთ და ახალ ინვესტიციებს ვახორციელებთ. ამ მხრივ, 2011 წელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია „გუდვილის“ არსებობის ისტორიაში“ - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჩარკვიანმა.
წელს საქართველოს ეროვნული ბიზნესდაჯილდოების 18 ნომინაციაში გასამარჯვებლად 250–მდე კომპანია იბრძოდა.
