საქართველოში ბოლოკის ზეთის წარმოება იგეგმება. როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა
კახა ბაინდურაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საკითხით იტალიელი ინვესტორები დაინტერესდნენ.
მისი თქმით, ცოტა ხნის წინ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგნლები იტალიაში იმყოფებოდნენ და ქართულ-იტალიური საბჭო შეიქმნა.
„ახლადშექმნილი საბჭოს ხაზით, საინვესტიციო წინადადებით უკვე ორი იტალური კომპანია დაგვიკავშირდა. ორივე პროექტი სოფლის მეურნეობას ეხება. მათ შორის, ერთი განსაკუთრებით საინტერესოა, ვინაიდან მისი ანალოგი საქართველოში არ გვაქვს და არც არასდროს გვქონია - ეს არის ბოლოკის ზეთის წარმოება“ - აღნიშნა ბაინდურაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე იტალიური კომპანიები ქართულ ბაზარს სწავლობენ.
როგორც ბაინდურაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, იტალია ვეროპის წამყვან ეკონომიკურ ქვეყნებს შორის რჩება, ამიტომ, მასთან სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
მისივე თქმით, 2 ივლისიდან რომი-თბილისი-რომის მიმართულებით ფრენებს კომპანია „ალიტალია“ დაიწყებს, რაც ბიზნესკომუნიკაციას უფრო ინტენსიურს გახდის.
