კახეთსა და იმერეთში 100 მილიონიანი პროექტები განხორციელდება
კახეთსა და იმერეთში 100 მილიონიანი პროექტები განხორციელდება
16:07 14.05.2012
კახეთსა და იმერეთში მთლიანობაში 100 მილიონიანი პროექტები განხორციელდება.
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის განმარტებით, საქართველომ მსოფლიო ბანკთან  ერთად, კახეთში და იმერეთში რეგიონული განვითარების პროექტების განხორციელება დაიწყო. კახეთში პროექტების დაფინანსებაზე 60 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმერეთში დაახლოებით 40 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯება.

„ორივე პროექტზე თანხების ხარჯვა წელს დაიწყება. პროექტი კონცეპტუალურად უნიკალურია. აქცენტი სამუშაო ადგილების შექმნასა და რეგიონების ტურისტულ კერებად გადაქცევაზე კეთდება“ – აღნიშნა დიმიტრი გვინდაძემ.

დღეს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს, რომელიც ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა.

გაზრდილი ბიუჯეტიდან თანხა ნაპირსამაგრი სამუშაოების დასაფინანსებლად, ასევე ზამთარში შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით თოვლსაწმენდი ტექნიკის შეძენისთვის გამოიყოფა.

ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსები საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის და მათი სპორტული დარბაზების და მოედნების მოსაწყობად მიიმართება. დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების და სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და დაფინანსების გაზრდა. სახელმწიფო თანამონაწილეობას გეგმავს ქუთაისში კოპიტნარის აეროპორტის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაში. თანხები აგრეთვე გამოიყოფა ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთათვის მშენებარე ახალი კორპუსის სათანადო ინვენტარით აღჭურვისა და სასჯელაღსრულების ზოგიერთი დაწესებულების რეკონსტრუქციისთვის.

დამატებითი თანხები გამოიყოფა ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის დასრულებისთვის.

ბეჭდვა